13:55:01 ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
  • ​2018 წლის 22 ნოემბერს, სხვადასხვა მობილური ოპერატორის ნომრებზე მივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სახელწოდებით - ARQITEQTURA. სარეკლამო ხასიათის შეტყობინებით, მოქალაქეები სამშენებლო, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან, ასევე, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით შეთავაზებას იღებდნენ

    შეტყობინების სათაურმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მომხმარებელთა ნაწილში გაურკვევლობა გამოიწვია. შესაბამისად, განვმარტავთ, რომ აღნიშნული რეკლამის შინაარსთან და გამავრცელებელ კომპანიასთან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს არანაირი კავშირი არ ჰქონია.

    მოვუწოდებთ კომპანიის წარმომადგენლებს, სარეკლამო შეტყობინების გავრცელების შემთხვევაში, ნუ გამოიყენებენ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის იდენტურ სახელწოდებას, რათა მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან ავიცილოთ.

     


    2018-11-27
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.
    2018-11-19
  • ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.

    კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

    ·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

    ·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

    ხანგრძლივობა: 3 თვე
    სამუშაო საათები: სრული

    სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
    სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
    , შარტავას . №7

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან მაგისტრატურის სტუდენტებს.

    სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.

    კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.

    კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვირეკოთ: 574738108

    გისურვებთ წარმატებას!



    2018-11-05
  • ​თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა.

    სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს.

    როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, დროულად მოგვარდეს.

    „დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით, დროულად მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქალაქში ურბანული თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს. თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.

    „სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

    თბილისის მერთან ერთად, შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

    2018-09-26
  • დღეს მნიშვნელოვანი დღეა თბილისის მერიისთვის და მნიშნელოვანი დღეა მთლიანად თბილისისთვის.

    ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის დაუღალავი შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა.

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად, რისთვისაც, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო კვირების და თვეების მანძილზე ენერგიას არ იშურებდა ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დასრულებისათვის და 24-საათიან რეჟიმში უწევდა მუშაობა.

    დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, ცხადია, სრულად იქნა გაზიარებული.

    მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის იყო დადებითი, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტით.

    ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი.

    თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით - “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ეს ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი.

    დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით;

    უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის. იქ მოცემულია, რომ მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოხდეს კვლევების ჩატარება და შემდეგ უკვე გადაწყვეტილებების მიღება. ეს არეალებია ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა.

    აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა (მაგალითად: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ.).

    ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ამ მიმართულებითაც გვქონდა ჩვენ შენიშვნები და გათვალისწინებული იქნა. გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

    ამ დოკუმენტში არის პასუხი, ჩვენი ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე.

    რა თქმა უნდა, ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ მიახლოებულია სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და მორგებულია რეალობას. ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზისო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ.

    2018-07-04
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    იხილეთ მასალები
    2018-07-04
  • სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. წარმომადგენლობით ღონისძიებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი ნატო გაგნიძე, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმას  საფუძვლად დაედება ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც  „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ექსპერტებმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მოამზადეს.

    პროექტი “საჯარო სერვისის ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში“, მიზნად ისახავს არქიტექტურის სამსახურის ფორმირებას ეფექტიან სერვისის მიმწოდებელ სტრუქტურად. პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

    თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის თქმით, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, რომელსაც ყოველდღიურად, საშუალოდ 200-მდე მოქალაქე მიმართავს. 

    „მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაცია, ვნერგავთ თანამშრომელთა შეფასებისა და მონიტორინგის სისტემას. ამ პროცესში გამოვლინდა ყველა ის საჭიროება, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებასა და ხარისხის ამაღლებაზე. რეფორმის ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა და მათი რეკომენდაციები,“- აღნიშნა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.

    ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა ნატო გაგნიძემ დეტალურად აღწერა ის ცვლილებები, რომლებიც ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული. 

    „ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდების მოდელის განვითარებას იმ ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებით, რომელიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების განვითარების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც არის გადამწყვეტი სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება, ეს არის ის ამოცანები რომელიც უნდა შესრულდეს - განაცხადა ნატო გაგნიძემ.

    2018-06-21
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს 9 ვაკანტურ პოზიციაზე:

      III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 2 (ორი) ვაკანსია:
      

    ვაკანსიის N 50297- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50297?active=1

    ვაკანსიის N 50164- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50164?active=1



      I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 50163- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50163?active=1


      საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 5 (ხუთი) ვაკანსია: 



    ვაკანსიის N 50161- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50161?active=1

    ვაკანსიის N 49880- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49880?active=1

    ვაკანსიის N 49878- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49878?active=1

    ვაკანსიის N 49881- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49881?active=1

    ვაკანსიის N 49876- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49876?active=1


      საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 49882- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49882?active=1


     კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

     განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივნისი.

     კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

     თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში. 

     დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge.

    2018-06-11
  • პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც მესამე პირები მომართავენ სამსახურს და სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.tas.ge) მეშვეობით (ელექტრონული განცხადებები - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტზე) ითხოვენ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების მიზნით წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებას, მათი მოსაზრებების მოსმენას და შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვას.

    უმრავლეს შემთხვევებში, მსგავსი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შედეგადაც კი არ დგინდება, თუ რა გავლენას ახდენს შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები ამ პირების კანონით დაცულ ინტერესებზე. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომების ჩატარება იწვევს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურებას, რაც გავლენას ახდენს ნებართვის მაძიებლის კანონიერ ინტერესებზე.

    იმისათვის, რომ მომავალში დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე, იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა მესამე პირების მიერ წარმოდგენილ შეტყობინებაში ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგება მესამე პირი კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი ადგება განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას მის მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

    სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, ასევე, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირის მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც, სამსახური იღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

    2018-05-14
  • დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

    კახა კალაძის თქმით, 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება, რომელიც სამსახურში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

    როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, უკვე შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები არსებული სისტემური პრობლემების დასაძლევად.

    „დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებზე, რომლის ადრესატები, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    კახა კალაძემ იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მუშაობას აფერხებდა.

    „ეს იყო მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. ახალი სტანდარტის დანერგვით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ თვალს არასოდეს დავხუჭავთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქალაქო სამსახურებში არსებობს და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს, მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის მთავრობის იმ სტრუქტურული რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანი მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

    2018-05-02