17:36:35 ორშაბათი, 25 ივნისი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
  • სასტუმრო  „ქორთიარდ მარიოტში“ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. წარმომადგენლობით ღონისძიებას თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ნათია ნაცვლიშვილი, ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორი ნატო გაგნიძე, საჯარო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არქიტექტურის სამსახურის სერვისების მიწოდების რეფორმას  საფუძვლად დაედება ამ სფეროში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც  „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ექსპერტებმა, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მოამზადეს.

    პროექტი “საჯარო სერვისის ხარისხიანი მიწოდების პრაქტიკის დანერგვა ადგილობრივი თვითმმართველობის კონტექსტში“, მიზნად ისახავს არქიტექტურის სამსახურის ფორმირებას ეფექტიან სერვისის მიმწოდებელ სტრუქტურად. პროექტი 2017 წლის დეკემბერში დაიწყო 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

    თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ბოლოთაშვილის თქმით, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახური მუნიციპალური მომსახურების ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია საქართველოში, რომელსაც ყოველდღიურად, საშუალოდ 200-მდე მოქალაქე მიმართავს. 

    „მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განვახორციელეთ სამსახურის სტრუქტურული ოპტიმიზაცია, ვნერგავთ თანამშრომელთა შეფასებისა და მონიტორინგის სისტემას. ამ პროცესში გამოვლინდა ყველა ის საჭიროება, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებასა და ხარისხის ამაღლებაზე. რეფორმის ამ ეტაპზე მეტად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხარდაჭერა და მათი რეკომენდაციები,“- აღნიშნა არქიტექტურის სამსახურის უფროსმა.

    ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის დირექტორმა ნატო გაგნიძემ დეტალურად აღწერა ის ცვლილებები, რომლებიც ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებითაა გათვალისწინებული. 

    „ჩვენი რეკომენდაციები ეყრდნობა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყველაზე მოთხოვნადი სერვისების ანალიზს, მათ შორის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის გაცემას. ჩვენს მიერ შეთავაზებული რეფორმა მიზნად ისახავს სერვისების მიწოდების მოდელის განვითარებას იმ ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებით, რომელიც აღიარებულია, როგორც კარგი პრაქტიკა საჯარო სერვისების განვითარების სფეროში. დაგეგმილი ცვლილებები ეფუძნება მომხმარებელზე ფოკუსირებულ მიდგომას, რაც არის გადამწყვეტი სერვისის ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად. მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა, ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება, ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობა, სტანდარტიზებული საოპერაციო პროცედურების შემუშავება და საინფორმაციო ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება, ეს არის ის ამოცანები რომელიც უნდა შესრულდეს - განაცხადა ნატო გაგნიძემ.

    2018-06-21
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს 9 ვაკანტურ პოზიციაზე:

      III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 2 (ორი) ვაკანსია:
      

    ვაკანსიის N 50297- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50297?active=1

    ვაკანსიის N 50164- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50164?active=1



      I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 50163- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50163?active=1


      საინჟინრო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 5 (ხუთი) ვაკანსია: 



    ვაკანსიის N 50161- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/50161?active=1

    ვაკანსიის N 49880- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49880?active=1

    ვაკანსიის N 49878- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49878?active=1

    ვაკანსიის N 49881- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49881?active=1

    ვაკანსიის N 49876- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49876?active=1


      საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1 (ერთი) ვაკანსია:  

    ვაკანსიის N 49882- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/49882?active=1


     კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

     განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ივნისი.

     კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

     თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში. 

     დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge.

    2018-06-11
  • პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები როდესაც მესამე პირები მომართავენ სამსახურს და სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.tas.ge) მეშვეობით (ელექტრონული განცხადებები - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტზე) ითხოვენ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის/მოსარგებლის მიერ მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების მიზნით წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებას, მათი მოსაზრებების მოსმენას და შესაბამისად, ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვას.

    უმრავლეს შემთხვევებში, მსგავსი მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების შედეგადაც კი არ დგინდება, თუ რა გავლენას ახდენს შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები ამ პირების კანონით დაცულ ინტერესებზე. შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომების ჩატარება იწვევს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების გაჭიანურებას, რაც გავლენას ახდენს ნებართვის მაძიებლის კანონიერ ინტერესებზე.

    იმისათვის, რომ მომავალში დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე, იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა მესამე პირების მიერ წარმოდგენილ შეტყობინებაში ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგება მესამე პირი კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი ადგება განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნას მის მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

    სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, ასევე, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით მესამე პირის მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც, სამსახური იღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

    2018-05-14
  • დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

    კახა კალაძის თქმით, 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტი დაინერგება, რომელიც სამსახურში არსებული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული.

    როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, უკვე შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები არსებული სისტემური პრობლემების დასაძლევად.

    „დღეს მინდა ვისაუბრო არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებზე, რომლის ადრესატები, ძირითადად, ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არიან. ჩვენ მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

    კახა კალაძემ იმ კონკრეტულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მუშაობას აფერხებდა.

    „ეს იყო მომსახურების ვადების სისტემატური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები, ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია. ახალი სტანდარტის დანერგვით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში. ჩვენ თვალს არასოდეს დავხუჭავთ იმ პრობლემებზე, რომელიც საქალაქო სამსახურებში არსებობს და ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი გაუმჯობესდეს და ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს, მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის მთავრობის იმ სტრუქტურული რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანი მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

    2018-05-02
  • თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განესაზღვრა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, გენერალური გეგმის ჯგუფთან დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, ინტენსიურად მუშაობს.

    „შეფასებისა და ანალიზის პროცესში, საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ მოხდა. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ ხუთ ეტაპში - მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული, მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული იყოს, რაც მეექვსე ეტაპში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, თბილისის მერია გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკასა და განხილვას ასრულებს. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები კი, დამუშავებული და შეჯერებულია.

    „იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, უმნიშვნელოვანესია, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება დავასრულებინოთ. გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა წარმოადგინოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    აღნიშნულმა კომპანიამ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) განახლებაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო. სრულყოფილი გენერალური გეგმა კი, 2017 წლის 15 აპრილამდე უნდა წარედგინა. მომსახურების ღირებულება 2 800 000 ლარით განისაზღვრა.

    გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება ექვს ეტაპს მოიცავდა: წინასაპროექტო მოსამზადებელი სამუშაოები; ქალაქმშენებლობითი ანალიზი/არსებული მდგომარეობის მომზადება; დაზუსტებული გეგმარებითი დავალება; კონცეფცია; მგგ-ს სტადია „პროექტი“; მგგ-ს საბოლოო პროექტი.

    2018-04-03
  • თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მერიის შენიშვნები გააცნო.

    შეხვედრაზე ელია ელოშვილმა იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრა, რომელმაც დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მიღება შეაფერხა. მერის მოადგილემ თბილისის სწორი განვითარების მიმართულებით, გენგეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირობებში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

    ილია ელოშვილის განცხადებით, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფარის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებთან დაკავშირებით, სუსტად არგუმენტირებულ კვლევებს უკავშირდება. მერის მოადგილის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეები საერთოდ არ არის დატანილი. გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები, შეცვლილია მათი სტატუსები, რაც დოკუმენტსა და მის ეფექტიანობას საბოლოოდ, ბუნდოვანს ხდის.

    ამასთან, ილია ელოშვილს მიაჩნია, რომ მწვანე ქალაქის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების განვითარების მიმართულებით შემოთავაზებული კვლევები კომპლექსური და სრულყოფილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი სატრანსპორტო მოდელირება და გზების მშენებლობის კონცეფციები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

    „შევხვდით დარგის ექსპერტებს, რათა ჩვენივე ხედვები კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა. ეს ძალიან სწორი პოზიციაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთობლივი შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც ყველა მხარე იქნება მოწვეული, თუმცა ეს სხვა ფორმატი იქნება. დოკუმენტთან დაკავშირებით, იქ, სადაც დადებით ასპექტებს ვხედავთ, ჩვენი პოზიციები უკვე გამოვხატეთ, თუმცა ასევე, გამოვყავით ის მიმართულებები, სადაც კითხვის ნიშნები კვლავ რჩება. ექსპერტებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვიწვევთ და დოკუმენტს მათთან ერთად გავივლით“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

    მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შეკითხვები ძირითადად, გენგეგმის განახლებასა და მის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, სწორად იყო თუ არა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული იმ აქტივობების ერთობლიობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს, რათა არსებული დოკუმენტის გაუმჯობესება მოხდეს.

    შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებს, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ მონაწილეობით, თბილისის მერიაში 26 მარტს გაიმართება.

    2018-03-23
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა არქიტექტურის სამსახურში 30-მდე პოზიციაა დასაკავებელი.

    „არქიტექტურისა და ურბანული განვითარების მიმართულებით კონკურსი დაახლოებით 30-მდე ვაკანსიაზე არის გამოცხადებული. მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია აქვს, მოგვმართეთ, მიიღეთ მონაწილება კონკურსში და თქვენი წვლილი შეიტანეთ ქალაქის განვითარებასა და აღმშენებლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურმა კონკურსი 2018 წლის 15 მარტს გამოაცხადა.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მარტი.

    კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://tas.ge/?p=content&type=3&news=83402;

    2018-03-22
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 5 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს.

    საინჟინრო განყოფილებისა და საპროექტო განყოფილების უფროსი სპეციალისტის კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნებისშესაბამისად.

    განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 4 ივნისი.

    კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

    თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ: hr.gov.ge. ვაკანსიის ნომრები: N 49876; N 49878; N 49880; N 49881. * ვაკანსიის ნომერი: N 49882.

    2018-03-15
  • დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის- „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი განახლებული მასალები.

    2018-02-28
  • „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში 2018 წლის 15 თებერვალს შესული ცვლილების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, პირველ და მეორე სტადიაზე მონაწილეობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურებიც მიიღებენ. 

    2018 წლის 22 თებერვლიდან, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა:

    ·         ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ, სავარაუდო გამწვანების პროექტის აღწერით (გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისა).

    ·         ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ.

    ·         4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას,  საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).

    ხოლო, მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე (არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) არქიტექტურული პროექტი სავალდებულოა დამატებით მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

    ·         მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტ(გარდა II კლასს მიკუთვნებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვის გაცემისას), რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

    ü  კ-3 კოეფიციენტის ფართობ,

    ü  გასაშენებელი მწვანე ნარგავების  სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე),

    ü  გამწვანების პროექტის დასრულების თარიღ,

    ü   გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირ,

    ü  გაშენებული მწვანე ნარგავების  მოვლის ხანგრძლივობა.

     

    ·         4000 კვ.მ. და მეტი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას:

    o   საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საკვლევი (საჭიროების შემთხვევაში − საპროექტო ტერიტორიაზე) ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით (მათ შორის, ნაკადების რაოდენობის მიმართულებების მითითებით).

    o   საპროექტო გადაწყვეტის ზეგავლენის შეფასება არსებულ საკვლევ სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურაზე (გარდა 4000 კვ.მ-ზე ნაკლები ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემისას).

     

    მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, წარდგენილ დოკუმენტაციას, კომპეტენციის შესაბამისად, განსახილველად გადააგზავნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ან  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

    ამასთან, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებისას ნებართვის მფლობელმა  დადგენილი წესით ნებართვის გაცემის შემდეგ ათი დღის ვადაში, არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა საინფორმაციო დაფა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტის შესახებ.  აღნიშნული საინფორმაციო დაფა განთავსებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელი პერიოდის განმავლობაში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.

    აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ იზრდება მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული წარმოების ვადები.


    2018-02-27